ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შეუშავებულია ორგანიზაცია “სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ”.
პროექტის მიზანია აგრარული განათლების სექტორის პოპულარიზაცია-გაძლიერება და პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნა საქართველოში.
ოლიმპიადის კონცეფცია ორიენტირებულია როგორც სპეციალისტების, ასევე სტუდენტების და ფერმერების ცოდნის შეფასება-წარმოჩენა-გაძლიერებაზე, დასაქმების სექტორისათვის აქტუალურ აგრარულ დარგებში.
ნაციონალურ შრომის ბაზარზე ყველაზე აქტუალური აგრარული დარგების (პროფესიული კომპეტენციების) იდენტიფიცირება ხორციელდება ორგანიზაცია “სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის” და მისი პარტნიორების მიერ, შრომის ბაზრის სექტორში განხორციელებული კვლევების საფუძველზე, საგანმანათლებლო და ბიზნეს-სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში ცოდნის შეფასება იწარმოებს სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტების საშუალებით. ტესტების ავტორია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“. ოლიმპიადაში გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ ოლიმპიადის ორგანიზატორების და სპონსორების მიერ დაწესებულ სხვადასხვა სახის პრიზებს. გარდა ამისა, იწარმოებს გამარჯვებული მონაწილეების პოპულარიზაცია-წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით, მას-მედიის და ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წელს პირველად ტარდება და გულისხმობს ცოდნაზე/პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ჩემპიონატის დამკვიდრებას ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ან/და დარგით დაინტერესებული ადამიანების (ექსპერტი, სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი) ცოდნის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. იგი წარმოადგენს სიახლეს ქართულ რეალობაში და ამ ეტაპზე პროექტის ორგანიზატორები არიან: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“. პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით.
პროექტის პარტნიორები არიან: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტი, მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).