გორში, მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა აგროპედია.
პროექტის მიზანია ინოვაციური პროდუქტის – აგროპედიას გამოყენებით აგროსაკონსულტაციო სერვისებსა და საჭირო ინფორმაციებზე წვდომის გაზრდა-გამარტივება კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრები ფერმერებისათვის.
პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.აგროპედია წარმოადგენს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაციის ბანკს, აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია კომპიუტერის მსგავს მოწყობილობაში.
საჭირო ინფორმაციის მოძიება მომხმარებელს შეუძლია ეკრანზე ხელის შეხებით.
აგროპედია ორიენტირებულია აგრო-საექსტენციო სერვისების გაძლიერებაზე, ქმნის საჯარო სექტორთან თანამშრომლობის ეფექტურ მოდელს და გააჩნია ფერმერებისათვის საჭირო ინფორმაციის გავრცელების პოტენციალი ქვეყნის მასშტაბით.
“სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია” უზრუნველყოფს აგროპედიაში არსებული ინფორმაციის და მასალების მუდმივ განახლებას – ამჟამად აგროპედიას კიოსკში მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგი სახის მასალებს და პროფესიულ რეკომენდაციებს:
- სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის წესები.
- მოსავლის აღება-შენახვა: წესები და რეკომენდაციები.
- ახალი და პერსპექტიული კულტურების წარმოების წესები და რეკომენდაციები.
- სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეები.
- მეცხოველეობა – შინაური პირუტყვის მოვლა და საკვებწარმოება.
- ვეტერინარია – შინაური პირუტყვის დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
- მეფუტკრეობა – ფუტკრის მოვლა და დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან.
პროექტი ხორციელდება USAID-REAP პროექტის პროფესიული ხელშეწყობით.
შიდა ქართლში აგროპედიას განთავსებაზე ორიენტირებული პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.