საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა სოფლის მეურნეობის ასოციაციის მიერ შექმნილი აგროტესტის ელექტრონული მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია აგრო-ექსტენციის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
ტესტირების პროგრამაში შეტანილია 3000-ზე მეტი, სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტი, სოფლის მეურნეობის 10 ძირითადი დარგის მიმართულებით. პროგრამა შეიქმნა USAID-ის პროექტის – „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ ფინანსური მხარდაჭერით.
ტესტების შედგენაში მონაწილეობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი დარგების მეცნიერები.
ასევე პროგრამის ალგორითმის შემუშავების მიმართულებით ჩართული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი.
აღსანიშნავია რომ მსგავსი პროფილის ელექტრონული პროგრამა არის სრულიად ინოვაციური და იგი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს პოტენციალს სპეციალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და მონიტორინგის მიმართულებით.
სამომავლოდ იგეგმება პროგრამის ონლაინ-ვერსიის შექმნა და მისი მოდიფიკაცია აგრარული პროფილის არაფორმალური განათლების და პროფესიული გადამზადების სექტორში არსებული საჭიროებების შესაბამისად.