
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში განთავსდა ორგანიზაციის მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტი – აგროპედია.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში აგროპედიას კიოსკი გადაეცა ფონდ აფხაზინტერკონტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიოსკის განთავსება მოხდა ” ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” (AFAD)-ის ბაზაზე, ხოლო სამცხე ჯავახეთის რეგიონში კი კიოსკი გადაეცა ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს.აღნიშნულ ლოკაციებზე აგროპედიების განთავსება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“) მხარდაჭერით.
აგროპედია არის აგრო-ექსტენციის სერვისების გავრცელების ინოვაციური მექანიზმი, რომელიც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას მარტივად მიიღონ საჭირო ინფორმაცია და სასწავლო-საკონსულტაციო მასალა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების შესახებ.
აგროპედია მოიცავს კოლოსალური რაოდენობის ინფორმაციის ბანკს, აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია კომპიუტერის მსგავს მოწყობილობაში.
საჭირო ინფორმაციის მოძიება მომხმარებელს შეუძლია ეკრანზე ხელის შეხებით.
აგროპედიაში ინფორმაციის განახლება ხდება მუდმივად. ამ ეტაპზე იგი მოიცავს 2000-ზე მეტ სტატიას სოფლის მეურნეობის შესახებ.ამჟამად აგროპედიას მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგი სახის მასალებს და პროფესიულ რეკომენდაციებს:
აგროტესტირების პლატფორმაში დარეგისტრირებული სტუდენტების რეიტინგები.
სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეები.
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის წესები.
ბრძოლა კულტურათა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ – წამლობათა სქემები.
მოსავლის აღება-შენახვა: წესები და რეკომენდაციები.
ახალი და პერსპექტიული კულტურების წარმოების წესები და რეკომენდაციები.
ვეტერინარია – შინაური პირუტყვის დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
მეცხოველეობა – შინაური პირუტყვის მოვლა და საკვებწარმოება.
მეფუტკრეობა – ფუტკრის მოვლა და დაცვა მავნებელ-დაავადებებისაგან.
პროექტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს აგროპედიას კიოსკების განთავსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და აგრო-ექსტენციის სერვისების გავრცელების ცენტრალიზირებული მექანიზმის შექმნა. ამ ეტაპზე აგროპედიას კიოსკები ფუნქციონირებს 11 ლოკაციაზე და ყოველთვიურად ფერმერების მიერ თითოეული კიოსკიდან წაკითხული მასალების რაოდენობა 600-დან 900-მდეა, ხოლო ჯერადობა კი საშუალოდ 1000-1200-ის ფარგლებშია. ჯამურად, აგროპედიას კიოსკებში განთავსებული მასალის წაკითხვის ჯერადობა თვეში საშუალოდ 8000-მდე აღწევს.
მოცემულ ეტაპზე აგროპედიას პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან:
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD).
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტი („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“).
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
პროექტი ორიენტირებულია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრო-საექსტენციო სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
