პროფესიული კოლეჯი “იბერიას” ბაღდათის ფილიალში 29 მარტს ჩატარდა პროექტის -„მცენარეთა დაცვის პროფესიული სწავლების პროგრამის დანერგვა კოლეჯში “იბერია”- პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 2”) ფინანსური ფასილიტაციით.
პრეზენტაცია ჩატარდა განსახორციელებელი აქტივობების ფარგლებში და წარმოდგენილი იყო პროექტის საბოლოო შედეგები – კოლეჯმა „იბერიამ“ მოიპოვა პროფესიული მომზადების პროგრამის- „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“ განხორციელების უფლება 3 წლით.
პროფესიული შესაძლებლობების ასამაღლებლად კოლეჯის პერსონალის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა დარგობრივი ტრენინგები და მონაწილეებს, რომლებიც ესწრებოდნენ პრეზენტაციას, გადაეცათ სერტიფიკატები.
ასევე დაანონსდა ასოციაციის ახალი პროექტის დაწყება – „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სფეროში არაფორმალური ცოდნის შეძენასა და აღიარებაზე ორიენტირებული ინოვაციური სასწავლო პროგრამის შემუშავება და მევენახეობის პროფესიული სასწავლო პროგრამის დანერგვა კოლეჯში „ჰორიზონტი“.
ახალი პროექტის ფარგლებში კოლეჯი „იბერია“ მოიპოვებს არაფორმალური ცოდნის აღიარების უფლებას სასოფლო-სამცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სფეროში, ხოლო კოლეჯში „ჰორიზონტი“ დაინერგება მევენახეობის პროფესიული მომზადების პროგრამა.
გარდა ამისა, პრეზენტაციის დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ეროვნული აგრარული ოლიმპიადის შესახებ, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა 2021 წელს, ასოციაციის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით.
ოლიმპიადის მიზანია აგრარული განათლების სექტორის პოპულარიზაცია-გაძლიერება და პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნა საქართველოში.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია ორიენტირებულია როგორც სპეციალისტების, ასევე სტუდენტების და ფერმერების ცოდნის შეფასება-წარმოჩენა-გაძლიერებაზე, დასაქმების სექტორისათვის აქტუალურ აგრარულ დარგებში.
2022 წელს აგრარული ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება ზაფხულის პერიოდში.