
პლატფორმის მიზანია პროფესიული ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების მიღებაზე ორიენტირებული მექანიზმის დანერგვა. შესაბამისად, პლატფორმაზე განთავსდება სხვადასხვა ტიპის ციფრული სასწავლო სალექციო და სატრენინგო კურსები, ხოლო მომხმარებლებს კი საშუალება ეძლევათ სახლიდან გაუსვლელად შეისწავლონ მათთვის სასურველი დარგი.
ამჟამად პლატფორმაზე განთავსებულია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სსიპ პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ დანერგილი სასწავლო პროგრამის ანალოგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პლატფორმის გამოყენებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ მცენარეთა დაცვის დარგი პროფესიულ დონეზე, მიიღონ სერტიფიკატი და სურვილის შემთხვევაში მოიპოვონ მიღებული ცოდნის ოფიციალური აღიარება შესაბამისი პროფილის პროფესიულ კოლეჯში.
VETA პლატფორმის გრძელვადიანი მიზნებია:
- ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შემცველი ერთიანი ელექტრონული მექანიზმის განვითარება;
- პროფესიული განათლების სექტორში მომუშავე მასწავლებლების და ასევე, სხვა ექსპერტების საქმიანობის პოპულარიზაცია – მათ მიერ შექმნილი სასწავლო კურსების გაციფრულების და პოპულარიზაციის საშუალებით;
- პროფესიული განათლების სექტორის განვითარების პროცესის გაძლიერება;
- დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ სატრენინგო კურსებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის ზრდა;
- არაფორმალური ცოდნის გავრცელების პროცესის ხელშეწყობა.
პროექტი განხორციელდა სოფლის მეურნეობის ასოციაციის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 2”) ფინანსური ფასილიტაციით.
პლატფორმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და მასზე დარეგისტრირება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: https://veta.ge