ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია.
პროექტის მიზანია ცოდნაზე/პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ჩემპიონატის დამკვიდრება ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ან/და დარგით დაინტერესებული ადამიანების (ექსპერტი, სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი) ცოდნის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
კონცეფციის თვალსაზრისით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა არის სრულიად ინოვაციური პროექტი და მისი უმთავრესი ამოცანებია:
- მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების და, ასევე წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია
- საკუთარი საქმის და მეურნეობის კარგად მცოდნე ქართველი ფერმერების წარმოჩენა-პოპულარიზაცია და მათი ხელშეწყობა
პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან:
- აგრარული სფეროს სპეციალისტები;
- აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები;
- ფერმერები;
- მოსწავლეები.
აგრარული ოლიმპიადა ქმნის ცოდნის დემონსტრირების ეფექტურ პლატფორმას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცოდნის გაძლიერების მოტივაციას და დადებითად აისახება როგორც სპეციალისტების, ასევე სტუდენტებისათვის პროფესიული და კარიერული განვითარების პროცესზე.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფერმერებს, რომელთაც შესაძლოა არ გააჩნიათ აკადემიური ხარისხი, მაგრამ ჩართულნი არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად დაგროვებული აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება.
ოლიმპიადის კონცეფცია ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩართულობას აგრარულ ოლიმპიადაში და ამ მიმართულებით პროექტის უმთავრესი მიზანია აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია სასკოლო ასაკის ახალგაზრდებში და მათი ცნობიერების ამაღლება, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ასევე პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში.
პროექტი 2021 წლიდან ხორციელდება საქართველოში და ამ ეტაპზე პროექტის ორგანიზატორები არიან: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია”. პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით. გარდა ამისა, პროექტის განხორციელებაში ყოველწლიურად მონაწილეობენ საქართველოს აგრარულ სექტორში მომუშავე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
პროექტის სამომავლო, გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი არის მისი დამკვირდება საქართველოს აგრარულ სექტორში და ინტერნაციონალიზაცია-გავრცელება, რეგიონალურ დონეზე.
დამატებითი ინფორმაცია ოლიმპიადის და პროექტში მონაწილეობის წესების შესახებ, წარმოდგენილია მოცემულ ლინკზე.