აგროპედიას შექმნის და მისი გავრცელების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით საინფორმაციო-საკონსულტაციო და შემეცნებითი სივრცის შექმნა საქართველოში მცხოვრები ფერმერებისათვის და ფერმერთა წვდომის უზრუნველყოფა მათი მეურნეობებისათვის საჭირო ინფორმაციასა და მასალებზე. გარდა ამისა, აგროპედია არის დამხმარე მექანიზმი აგრო-საკონსულტაციო სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის: აგროპედიას გამოყენებით მათ საშუალება ეძლევათ ეფექტურად და უდანახარჯოდ გაავრცელონ საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები ფერმერთა თემებში და სრულად ხელმისაწვდომი გახადონ საკონსულტაციო სერვისები ყველა ფერმერისათვის.
აგროპედია წარმოადგენს თანამედროვე და მუდმივად განახლებად აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ აპარატში – აგროპედიას კიოსკში, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია მუნიციპალეტეტებში, ისეთ საჯარო დაწესებულებებში, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი ფერმერები. ასეთი დაწესებულებებია: გამგეობები, მუნიციპალიტეტის მერია, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი სამსახურები და სხვ. კიოკით სარგებლობა უფასოა, საჭირო ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მარტივად – ეკრანზე ხელის შეხებით.
კიოსკის დიზაინი და მოხმარების წესი მაქსიმალურად ადაპტირებულია ფერმერთა საჭიროებებზე.
პროგრამის მართვა კიოსკებში ინფორმაციის განახლება – ახალი აგრო-საკონსულტაციო პროფილის მასალების სისტემატური დამატება წარმოებს ცენტრალიზებულად, „საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ ექსპერტების მიერ, საჯარო სექტორში მომუშავე სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ამ დროისათვის აგროპედიას კიოსკებში მოცემულია 2000-ზე მეტი სტატია და მასალა სხვადასხვა აგრო-ღონისძიებისა თუ სერვისის შესახებ.
აგროპედიას კიოსკებიდან ყოველთვიურად ფერმერების მიერ თითოეულ მუნიციპალიტეტში წაკითხული მასალების რაოდენობა 600-დან 900-მდეა, ხოლო ჯერადობა კი საშუალოდ 1000-1200-ის ფარგლებშია.