ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა
GRETA პროექტის ფარგლებში (ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი) „საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ მიერ განხორციელდა ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის საჭიროებათა კვლევა.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის საბაზრო პოტენციალის შესწავლა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით პერსპექტიული პროდუქტების/ღირებულებათა ჯაჭვების იდენტიფიცირება GRETA პროექტის სამიზნე არეალზე, რომელიც მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს (ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, მესტიის, საჩხერის, ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტები).
კვლევა განხორციელდა სამ ეტაპად და მისი შედეგები წარმოდგენილია კვლევის საბოლოო ანგარიშში, რომელიც გადაეცა დონორ ორგანიზაციას.
ანგარიშში ასახულია კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფორმაცია შემდეგი ძირითადი საკითხების შესახებ:
- სამიზნე არეალის აგრო–კლიმატური დახასიათება;
- არსებული ნატურალური რესურსების ანალიზი და წარმოებისათვის პერსპექტიული სახეობების აღწერილობა;
- ორგანული სოფლის მეურნეობის ბაზრის ანალიზი, მისი სტრუქტურა, ბიოპროდუქციის პოტენციური მომხმარებლების საორიენტაციო რაოდენობა და მოთხოვნის პროცენტული გადანაწილება პროდუქციის სახეობების მიხედვით;
- რისკების ანალიზი – სამიზნე არეალზე არსებული ბიოტური და აბიოტური რისკ–ფაქტორების აღწერილობა და მათი შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის პრევენციაზე ორიენტირებული რეკომენდაციები სასოფლო–სამეურნეო დარგების მიხედვით;
- კლიმატის ცვლილების შესაძლო გავლენა სასოფლო–სამეურნეო დარგებზე მომავალი დეკადის განმავლობაში და ნეგატიური ზეგავლენის პრევენციის რეკომენდებული მექანიზმები;
- ორგანული მეურნეობისათვის პერსპექტიული სასოფლო–სამეურნეო დარგების/ღირებულებათა ჯაჭვების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და პოტენციალის მიხედვით რანგირებული დარგები თითოეული სამიზნე მუნიციპალიტეტისათვის;
- GRETA პროექტის სამიზნე არეალზე მცხოვრები ფერმერთა თემების და სხვა აქტორების სატრენინგო საჭიროებები ბიომეურნეობის სექტორში – ტრენინგებისათვის პრიორიტეტული თემატიკების ჩამონათვალი სასოფლო–სამეურნეო დარგების მიხედვით.
კვლევის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა 2019 წლის 10 დეკემბერს სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi–ში.
ანგარიშის ინგლისურენოვანი ვერსია ხელმისაწვდომია მოცემულ ლინკზე
ინფორმაცია GRETA პროექტის შესახებ
GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.